წესები და პირობები
კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
აქ წერია, რა მონაცემს ინახავს ფუსფუსი შენ შესახებ, რისთვის იყენებს მას, ვინ ხედავს და რისი შეცვლა ან წაშლა შეგიძლია თავად.
ბოლო განახლება:
ვინ ვართ
ფუსფუსი ქართულენოვანი პლატფორმაა, სადაც ადამიანები ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან სივრცეებში და ერთმანეთს ესაუბრებიან. საიტს ფუსფუსის გუნდი უძღვება; ამ გვერდზე „ჩვენ“ სწორედ ამ გუნდს ნიშნავს.
მონაცემებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე მოგვწერე: support@fusfusi.com.
რა მონაცემს ვინახავთ
ანგარიში
- მომხმარებლის სახელი და ელფოსტა, რომლებსაც რეგისტრაციისას წერ.
- პაროლი, მხოლოდ ჰეშის სახით: ეს არის პაროლისგან გამოთვლილი ცალმხრივი კოდი. თავად პაროლი ჩვენთან არ ინახება და მას ვერც ჩვენ ვხედავთ.
- ანგარიშის შექმნის თარიღი და ის, დადასტურებულია თუ არა ელფოსტა.
- ზომები, რომლებიც ადმინისტრაციამ ანგარიშზე მიიღო: გაფრთხილება, შეჩერება და შეჩერების მოხსნა, თითოეული თავისი მიზეზით, განმარტებითა და თარიღით, და ის, თუ რომელმა ადმინისტრატორმა მიიღო. ეს ჩანაწერი ანგარიშთან ერთად ინახება და ანგარიშის დახურვისას არ იშლება.
ანგარიში იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა ელფოსტაზე გამოგზავნილ ბმულს გახსნი და პაროლს ხელახლა შეიყვან ან იქვე ახალს დააყენებ; სახელის შეცვლაც იქვე შეგიძლია. მანამდე ეს სამი მონაცემი ცალკე ინახება, როგორც დაუსრულებელი რეგისტრაცია. მისი გაუქმება იმავე ბმულით შეგიძლია; თუ ბმულს არ გახსნი, დაუსრულებელი რეგისტრაცია ბმულის ვადის გასვლის შემდეგ, დაწყებიდან დაახლოებით 24 საათში, თავისით იშლება. წერილში, რომელსაც ამ მისამართზე ვგზავნით, ფორმაში ჩაწერილი სახელი არ არის.
რეგისტრაციისა და შესვლის დაცვის ჩანაწერები
საიტი იწერს, რა გაიარა და რა შეჩერდა რეგისტრაციისა და შესვლის დროს: მაგალითად, რომ რეგისტრაცია დაიწყო ან დასრულდა, რომ ფორმას უარი ეთქვა და რა მიზეზით, ან რომ შესვლა ბევრი მცდელობის გამო შეიზღუდა. ასეთ ჩანაწერში არის დრო, ქსელის ანაბეჭდი და ელფოსტის დომენი, ანუ მისამართის ის ნაწილი, რომელიც @-ის შემდეგ წერია. მასში არ არის ქსელის (IP) მისამართი, ელფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი ან პაროლი. ქსელის ანაბეჭდი მისამართისგან გამოთვლილი კოდია: ერთ ქსელს მეორისგან არჩევს, თავად მისამართი კი მასში არ წერია და სერვერზე ცალკე შენახული გასაღების გარეშე მისგან არ აღდგება. ამ ჩანაწერებს მხოლოდ ადმინისტრატორი ხედავს და ისინი 30 დღეში იშლება.
ჩანაწერში ანგარიში მითითებული არ არის. მაგრამ რეგისტრაციის დასრულების ჩანაწერის დრო ანგარიშის შექმნის დროს ემთხვევა, ამიტომ ადმინისტრატორს შეუძლია ეს ჩანაწერი ახალ ანგარიშს დაუკავშიროს. გარდა ამისა, თითო ქსელიდან მიღებული ფორმების დასათვლელად, რეგისტრაციის ყოველი მიღებული ფორმისთვის 24 საათით ინახება ქსელის ანაბეჭდი და დრო.
რასაც პროფილზე ამატებ
- აღწერა „ჩემ შესახებ“.
- ინტერესები, რეგიონი და უნარები, თუ მათ „კავშირში“ ან „გაცვლაში“ მიუთითებ. რეგიონი მხოლოდ სიიდან არჩეული სახელია: კოორდინატებს და მოწყობილობის მდებარეობას არ ვიღებთ.
რასაც აქვეყნებ და აკეთებ
- პოსტები, პასუხები და სხვა ჩანაწერები, რომლებსაც ქმნი, მათი რედაქტირების ისტორიით.
- ატვირთული სურათები, ვიდეოები და ხმოვანი ჩანაწერები.
- გზაჯვარედინზე: შენი გადაწყვეტილება, პასუხები კითხვაზე, რა მოჰყვა მას, და შეხსენების პარამეტრები. შედეგს, რომელსაც მხოლოდ შენთვის ინახავ, სხვა წევრები ვერ ხედავენ.
- შეფასებები და ხმები, შენახული პოსტები, სივრცეებისა და წრეების წევრობა.
- პირადი წერილები, რომლებსაც „კავშირსა“ და „გაცვლაში“ უგზავნი იმას, ვისთანაც დაკავშირებული ხარ.
- საჩივრები, რომლებსაც აგზავნი, და მათზე მიღებული გადაწყვეტილება; სია იმ მომხმარებლებისა, რომლებიც დაბლოკე.
- შეტყობინებები, რომლებსაც საიტი გიჩვენებს.
საიტის გამოყენების რიცხვები
ძიების გვერდზე ვითვლით, დღეში რამდენჯერ მოიძებნა რამე თითოეულ ჩანართზე (პოსტები, სივრცეები, ადამიანები) და რამდენჯერ ვერაფერი მოიძებნა. ვინახავთ მხოლოდ ამ რიცხვებს: არც საძიებო სიტყვებს და არც იმას, ვინ ეძებდა.
ასევე ვითვლით, დღეში რამდენი ადამიანი შემოვიდა საიტზე. ამისთვის შენს ანგარიშზე ინახება მხოლოდ ბოლო დღის თარიღი, როცა ჩაითვალე; შენი სხვა დღეები არსად იწერება.
შესვლის სესია
ანგარიშში შესვლისას იქმნება შემთხვევითი გასაღები. ის შენს ბრაუზერში ქუქი-ფაილად ინახება, ჩვენთან კი მხოლოდ მისი ჰეში და ვადა. იმავე დროს ბრაუზერში მეორე ქუქი-ფაილიც ინახება: შემთხვევითი რიცხვი, რომლითაც ფუსფუსი შესვლისას ცნობს ბრაუზერს, საიდანაც ამ ანგარიშში უკვე შესულხარ, რომ სხვისი მცდელობების გამო შენთვის შესვლა არ დაიბლოკოს. ეს რიცხვი ჩვენთან არ ინახება. დაწვრილებით წერია ქუქი-ფაილების გვერდზე.
სესიასთან ინახება მოწყობილობის მხოლოდ სახეობა (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი ან სხვა) და ქსელის ანაბეჭდი, რომელიც ქვემოთ, „რას არ ვინახავთ“ ნაწილშია აღწერილი. ანგარიშზე ასევე იწერება ოთხი სახის მოვლენა: შესვლა, შესვლაზე უარი, პაროლის აღდგენის მოთხოვნა და აღდგენის ბმულის გამოყენება, თითოეული დროით და ქსელის ანაბეჭდით. ეს ჩანაწერები 30 დღეში იშლება. მათ ადმინისტრაციის მხოლოდ ის წევრები ხედავენ, ვისაც ანგარიშების მხარდაჭერა ან უსაფრთხოება ევალება, მაგალითად, რომ უცნობი ქსელიდან შესვლა შეამჩნიონ.
რას არ ვინახავთ
- ქსელის (IP) მისამართს მონაცემთა ბაზაში არ ვწერთ. ზედმეტად ხშირი მცდელობების შესაზღუდად (რეგისტრაცია, შესვლა, ბმულის მოთხოვნა ელფოსტაზე, კონტაქტის ფორმა) ბაზაში ინახება მხოლოდ მრიცხველი. მისი გასაღები მისამართის ან ელფოსტის ანაბეჭდია: თავად მისამართი და ელფოსტა ბაზაში არ წერია, და ანაბეჭდიდან მათი აღდგენა სერვერზე ცალკე შენახული გასაღების გარეშე შეუძლებელია. მრიცხველი ვადის გასვლის შემდეგ იშლება. დაცვის ჩანაწერებშიც მისამართის ნაცვლად ზემოთ აღწერილი ანაბეჭდი ინახება.
- Google Analytics მხოლოდ შენი თანხმობის შემდეგ ირთვება. სარეკლამო პერსონალიზაციას არ ვიყენებთ.
- კამერასა და მდებარეობას საიტი არ ითხოვს. მიკროფონს მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა ხმის ჩაწერას თავად დაიწყებ და ბრაუზერში დაუშვებ.
ვიზიტების სტატისტიკა
შენი თანხმობით Google Analytics-ს ვაწვდით ვიზიტებისა და გვერდების ზოგადი კატეგორიების ნახვების მონაცემებს. Google იღებს ბრაუზერისა და მოწყობილობის ტექნიკურ ინფორმაციასაც. ეს გვეხმარება გავიგოთ, როგორ გამოიყენება ფუსფუსი.
არ ვაგზავნით ანგარიშის სახელს, ელფოსტას, შეტყობინებებს, საძიებო ტექსტს, ფორმების შიგთავსს ან პოსტებისა და სივრცეების სათაურებსა და იდენტიფიკატორებს. ანგარიშის მართვისა და პირადი გვერდები არ იზომება. Google Signals და სარეკლამო პერსონალიზაცია გამორთულია.
შეგიძლია უარი თქვა ან თანხმობა ნებისმიერ დროს გააუქმო გვერდის ბოლოში, „ანალიტიკის პარამეტრებიდან“. დაწვრილებით: ანალიტიკის ქუქი-ფაილები და Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
რისთვის ვიყენებთ
- რომ ანგარიშში შეხვიდე და საიტმა გიცნოს.
- რომ ის, რასაც აქვეყნებ, გამოჩნდეს იქ, სადაც გამოაქვეყნე, და მათთვის, ვისაც მისი ნახვა შეუძლია.
- რომ საიტზე გაჩვენოთ შეტყობინებები: მაგალითად, როცა ვინმე გპასუხობს.
- რომ წესების დარღვევა შევაჩეროთ: ამისთვის არსებობს საჩივრები, მოდერაცია და მცდელობების შეზღუდვა.
ელფოსტაზე მხოლოდ ასეთ ავტომატურ წერილებს გიგზავნით: ელფოსტის დადასტურების ბმულს, პაროლის აღდგენის ბმულს, ცნობას, რომ პაროლი შეიცვალა, ცნობას, რომ ვიღაცამ შენი ელფოსტით ახალი ანგარიშის შექმნა სცადა, და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას შენი ანგარიშის შესახებ: გაფრთხილებას, ცნობას, რომ ანგარიში შეჩერდა, და ცნობას, რომ შეჩერება მოიხსნა; პასუხს შენს მოთხოვნაზე მხარდაჭერისგან და გადაწყვეტილებას შენს გასაჩივრებაზე; და, თუ მეორე ფაქტორი ჩართული გაქვს, ცნობას, რომ ის ჩაირთო, შეიცვალა ან გაითიშა. ამას ემატება ერთი წერილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ იღებ, თუ გზაჯვარედინზე ელფოსტით შეხსენება თავად ჩართე: დანიშნულ დღეს გეკითხებით, რა მოჰყვა შენს გადაწყვეტილებას. წერილში გზაჯვარედინის მხოლოდ სათაურია, შეხსენება კი იმავე გვერდზე ითიშება. დადასტურებულ ნიშანს ორი წერილი ახლავს: დადასტურების ბმული დაწესებულების მისამართზე, როცა ნიშანს თავად მოითხოვ, და ცნობა შენს ელფოსტაზე, თუ ადმინისტრაცია შენს ნიშნებს გააუქმებს. სიახლეებს და რეკლამას ელფოსტით არ ვაგზავნით.
რეგისტრაციისას ვამოწმებთ ელფოსტის დომენს: იღებს თუ არა ის წერილებს და ხომ არ ეკუთვნის დროებითი ელფოსტის სერვისს. ამისთვის დომენის სახელს, და არა შენს მისამართს, დომენების სისტემაში (DNS) ვეძებთ და დროებითი სერვისების საჯარო სიას ვადარებთ.
თუ კონტაქტის ფორმიდან მოგვწერ, შენი წერილი, თემა, მითითებული ელფოსტა და, თუ შესული ხარ, შენი ანგარიში ინახება საიტზე მოთხოვნის სახით, რომ მხარდაჭერის გუნდმა გიპასუხოს; ასლი, ფორმაში ჩაწერილი სახელით, მოდის ჩვენს მხარდაჭერის ყუთშიც. შესულ წევრს თავისი მოთხოვნები და პასუხები გვერდზე „ჩემი მოთხოვნები“ ხვდება. დახურული მოთხოვნა 12 თვის შემდეგ იშლება, ანგარიშის დახურვისას კი მაშინვე.
ვინ რას ხედავს
რაც საჯაროა
შენი მომხმარებლის სახელი, პროფილის აღწერა, გაწევრიანების თვე და ის, რასაც სახელით აქვეყნებ საჯარო სივრცეებსა და საიტის სხვა ღია ნაწილებში, ყველასთვის ჩანს: ანგარიშის გარეშეც და საძიებო სისტემებისთვისაც.
ელფოსტა
შენს ელფოსტას სხვა წევრები ვერ ხედავენ. ის ჩანს ადმინისტრაციის იმ წევრებს, რომელთაც ანგარიშების მხარდაჭერა ევალებათ, მართვის ცენტრში; ადმინისტრაციის სხვა როლებს, მაგალითად მოდერატორებს, ის არ უჩანთ. ამას გარდა, ადმინისტრატორი მას ხედავს, როცა ახალი სივრცის გახსნას ითხოვ და განაცხადს განიხილავს.
წრეები
წრეს და მასში გამოქვეყნებულს მხოლოდ მისი წევრები ხედავენ. წრე არ ჩანს სივრცეების სიაში, ძიებაში და საძიებო სისტემებში.
სახელის გარეშე დაწერილი
ანონიმურ პოსტსა და პასუხზე სხვები ხედავენ მხოლოდ წარწერას „ანონიმი“. ის შენს პროფილზე არ ჩნდება და შეტყობინებებშიც შენი სახელი არ იწერება. ფუსფუსი მაინც ინახავს, რომელი ანგარიშიდან დაიწერა. ამ კავშირის ნახვა შეუძლიათ მხოლოდ საიტის მფლობელს და უსაფრთხოების თანამშრომელს, მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე (მაგალითად, კანონის დარღვევის, სხვისი უსაფრთხოებისთვის საფრთხის ან სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში), წერილობითი დასაბუთებით და მეორე ფაქტორით დადასტურების შემდეგ; ყოველი ასეთი ნახვა აღირიცხება და მას მფლობელი განიხილავს. საჩივრის განხილვისას მოდერატორები ავტორს ვერ ხედავენ. ეს კავშირი შინაარსს ანგარიშთან აკავშირებს და არა ადამიანის ნამდვილ ვინაობასთან: ქსელის მისამართს და მდებარეობას ფუსფუსი ამ მიზნით არ ინახავს.
პირადი წერილები
„კავშირისა“ და „გაცვლის“ საუბარს მხოლოდ მისი ორი მონაწილე ხედავს. თუ მიღებულ წერილს გაასაჩივრებ, მისი ასლი საჩივარს ერთვის და ადმინისტრატორი ხედავს; საჩივრის გადაწყვეტის შემდეგ ეს ასლი იშლება.
„კავშირი“ და „გაცვლა“
„კავშირის“ სიაში მხოლოდ მაშინ ჩანხარ, თუ გამოჩენას თავად ჩართავ, და მხოლოდ მათთვის, ვინც ისიც ჩართო. „გაცვლის“ დირექტორიაში მაშინ ჩანხარ, როცა იქ უნარს დაამატებ. ორივეგან წევრები ხედავენ შენს სახელს, იქ მითითებულ ინტერესებს ან უნარებს და რეგიონს, თუ აირჩიე.
დაბლოკვა
ვისაც დაბლოკავ, მისი სახელით დაწერილ პოსტებსა და პასუხებს ვეღარ ნახავ. ადამიანების სიებში ერთმანეთს ვეღარ ხედავთ და მოთხოვნას ან წერილს ვეღარ უგზავნით. დაბლოკილს ამის შესახებ შეტყობინება არ მიუვა; დაბლოკილთა სია შენს პარამეტრებშია.
ატვირთული ფაილები
ფაილს ხედავს ის, ვინც ხედავს იმას, რასაც ფაილი ერთვის. წრეში გამოქვეყნებული, ჯერ გაუხსნელ კაფსულაში ჩადებული ან ჯერ არსად გამოყენებული ფაილი სხვებისთვის არ იხსნება, პირდაპირი ბმულითაც კი.
დადასტურებული ნიშნები
ანონიმურ პოსტსა და პასუხზე შეგიძლია აჩვენო ნიშანი, რომელიც ამბობს, რომ ნიშნის მიღებისას უნივერსიტეტის ან ორგანიზაციის ელფოსტაზე წვდომა გქონდა. ნიშანს მხოლოდ შენი თანხმობით ვქმნით, პარამეტრებიდან; თანხმობას ნიშნის წაშლით იღებ უკან.
- რას ვინახავთ. ნიშანს (სახე და, ორგანიზაციის შემთხვევაში, ფართო სფერო, ისე, როგორც ჩვენს სიაში წერია), მის თარიღებს და მისამართისა და დომენის ანაბეჭდებს. ანაბეჭდი საიდუმლო გასაღებით გაკეთებული კოდია: იგივე მისამართი ყოველთვის იმავე კოდს იძლევა, და ასე ვამოწმებთ, რომ ერთი მისამართი ორ ანგარიშს არ უდასტურებს ნიშანს. მისამართის დაწერილობები, რომლებიც მხოლოდ „+“ ნიშნის შემდეგ ნაწილით განსხვავდება, ერთ მისამართად ითვლება.
- რამდენად იცავს ანაბეჭდი. გასაღების გარეშე ანაბეჭდიდან მისამართი არ იკითხება, და გასაღები მონაცემთა ბაზაში არ ინახება. ვისაც გასაღებიც აქვს და სავარაუდო მისამართების სიაც, შეუძლია შეამოწმოს, ემთხვევა თუ არა ანაბეჭდი რომელიმე მათგანს. დომენის ანაბეჭდს თავად საიტი ადარებს სიის დომენებს ყოველი დადასტურებისას.
- რას არ ვინახავთ. თავად მისამართს ჩვენს მონაცემთა ბაზაში: მას ერთხელ ვიყენებთ, ბმულის გასაგზავნად. წერილი ელფოსტის გაგზავნის სერვისის გავლით მიდის, და ეს სერვისი მიმღების მისამართსა და გაგზავნის დროს თავის ჩანაწერებში ინახავს. წერილში შენი მომხმარებლის სახელი არ წერია, მაგრამ წერია, რისთვის არის; მისი წაკითხვა დაწესებულების ელფოსტის ადმინისტრატორებსაც შეუძლიათ, ამიტომ დაწესებულებამ შეიძლება იცოდეს, რომ ნიშანი მოითხოვე და როდის.
- რა წერილებს ვგზავნით. ამ შესაძლებლობის გამო ორს: დადასტურების ბმულს დაწესებულების მისამართზე, და ცნობას შენი ანგარიშის ელფოსტაზე, თუ ადმინისტრაცია ნიშნებს გააუქმებს.
- ვინ რას ხედავს. სხვები ხედავენ მხოლოდ ნიშანს, და მხოლოდ იქ, სადაც ის საკმარისად ბევრს აქვს: საიტზე მინიმუმ 20 წევრს, იმ სივრცეში მინიმუმ 5-ს, იმავე დაწესებულების ელფოსტით მინიმუმ 5-ს, და როცა სიაში იმავე სახის მინიმუმ 3 დაწესებულებაა. დაწესებულების სახელი არსად ჩანს. ერთ საუბარში ერთი ავტორის ნიშნიანი პოსტი და პასუხები ერთნაირი ასოებით აღინიშნება. ადმინისტრაციაში არ არის სია, ვის რა ნიშანი აქვს. გასაჩივრებული პოსტის ან პასუხის განხილვისას ადმინისტრატორი ხედავს ავტორს და იმავე ნიშანს, რასაც მკითხველი (ან იმას, რომ ნიშანი არ ჩანს), და შეუძლია ავტორის ყველა ნიშანი გააუქმოს. დომენების სიაში ადმინისტრატორი ხედავს, რამდენი ნიშანია თითო დომენით; 5-ზე ნაკლებს რიცხვით არ ვაჩვენებთ.
- რამდენ ხანს. ახალ პოსტებსა და პასუხებზე ნიშნის დამატება 12 თვე შეიძლება; გამოუყენებელი ბმულის ჩანაწერი 24 საათის გასვლის შემდეგ იშლება. ვადის გასვლის ან წაშლის შემდეგ მისამართის ანაბეჭდი იშლება. გამონაკლისი ორია: შეჩერებული ანგარიშის მისამართების ანაბეჭდები შეჩერების ბოლომდე ინახება, ადმინისტრაციის გაუქმებული ნიშნისა კი გაუქმებიდან 12 თვე.
- ნიშანი იმაზე, რაც უკვე დაწერე. ის მასზე რჩება და ისევე გამოიყურება ვადის გასვლის, წაშლის (თუ მოხსნას არ მონიშნავ) და ანგარიშის დახურვის შემდეგაც; ამ შემთხვევაში ვინახავთ ნიშანს, მის თარიღებსა და დომენის ანაბეჭდს, მისამართის ანაბეჭდის გარეშე. თუ ასეთ პოსტს ან პასუხს მოგვიანებით შეცვლი, ნიშანი მოსცილდება.
- გაუქმება. თუ ადმინისტრაცია ნიშანს გააუქმებს, უქმდება ანგარიშის ყველა ნიშანი, და მიზეზს ელფოსტით და საიტზე გაცნობებთ. გაუქმება ანგარიშზე მიღებულ ზომად იწერება, მიზეზით, განმარტებითა და თარიღით, ისევე როგორც გაფრთხილება და შეჩერება. გაუქმებული ნიშნების ჩანაწერები გაუქმებიდან 12 თვე ინახება, ანგარიშის დახურვის შემდეგაც, რომ ამ ხანში არც იმავე ანგარიშმა და არც იმავე მისამართმა ახალი ნიშანი არ დაადასტუროს. ანგარიშის შეჩერებისას მისი ნიშნები უქმდება.
- ანგარიშის დახურვა. გამოუყენებელი ბმულების ჩანაწერები და ის ნიშნები, რომლებიც არაფერზეა, იშლება. ნიშანი, რომელიც იმაზეა, რასაც საიტზე ტოვებ, მასზე რჩება, მისამართის ანაბეჭდის გარეშე: დახურვის მომენტში რომ მოსცილდებოდა, გამოჩნდებოდა, რომელი ანონიმური პოსტები იყო შენი. თუ გინდა, რომ მათაც მოსცილდეს, დახურვამდე წაშალე ნიშანი და მონიშნე „მოიხსნას იმაზეც, რაც ამ ნიშნით უკვე დავწერე“.
ანონიმურობა გარანტირებული არ არის: შეიძლება გაგცეს ის, რასაც წერ, როდის წერ, ის, რომ ნიშანი ცოტას აქვს, ან ის, რომ დაწესებულებამ იცის, ვინ მოითხოვა ნიშანი მისი ელფოსტით. როცა ნიშანი ყველაფერს ერთდროულად სცილდება (შენ მოხსნი, ადმინისტრაცია გააუქმებს, ანგარიში შეჩერდება ან ადმინისტრაცია დაწესებულების ყველა ნიშანს გააუქმებს), ჩანს, რომ ეს ყველაფერი ერთი ავტორისაა.
რა ხდება ატვირთულ ფაილთან
- სურათს ხელახლა ვინახავთ სხვა ფორმატში. ამ დროს იშლება ფაილში ჩაწერილი დამატებითი მონაცემები, მათ შორის გადაღების ადგილი.
- ვიდეოსა და ხმოვან ჩანაწერს ვინახავთ ისე, როგორც ატვირთე, ოღონდ ვშლით ჩანაწერებს გადაღების ადგილზე, მოწყობილობასა და დროზე. ფაილი, რომლის ასე გასუფთავებაც ვერ ხერხდება, არ ქვეყნდება.
- ფაილი, რომელიც ატვირთე, მაგრამ არც ერთ პოსტს ან ჩანაწერს არ დაურთე, ერთი დღის შემდეგ იშლება.
ეს ეხება ფაილში ჩაწერილ ფარულ მონაცემებს. რაც თავად სურათზე ან ვიდეოში ჩანს ან ისმის, უცვლელი რჩება.
ვის გადაეცემა მონაცემი
- ელფოსტის გაგზავნის სერვისი (Resend). ავტომატური წერილის გასაგზავნად ის იღებს შენს ელფოსტას და წერილის ტექსტს. კონტაქტის ფორმიდან გამოგზავნილი წერილიც ამ სერვისის გავლით მოდის.
- ჰოსტინგი (OVHcloud). საიტი, მონაცემთა ბაზა და ატვირთული ფაილები მუშაობს OVHcloud-ის სერვერზე. იმავე კომპანიის საფოსტო სერვისზეა მხარდაჭერის საფოსტო ყუთიც, სადაც ჩვენთვის მოწერილი წერილები ინახება.
- ჩასმული ვიდეო. თუ პოსტს YouTube-ის ან Vimeo-ს ვიდეო ახლავს, მის საჩვენებლად შენი ბრაუზერი ამ სერვისს უკავშირდება (YouTube-ის შემთხვევაში მისამართს youtube-nocookie.com). ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი ვიდეო გვერდზე ჩანს.
- Google Analytics. მხოლოდ შენი თანხმობით იღებს ზემოთ აღწერილ ვიზიტების სტატისტიკასა და ტექნიკურ მონაცემებს.
სხვა შემთხვევაში გვერდი მხოლოდ ფუსფუსის სერვერს უკავშირდება: შრიფტებსა და ფუსფუსზე ატვირთულ ვიდეოსაც ის გაწვდის. საიტიდან მონაცემი სხვა არავის გადაეცემა.
რამდენ ხანს ინახება
- შესვლის სესია 30 დღე მოქმედებს; ვადაგასული სესია იშლება.
- ელფოსტის დადასტურების ბმული 24 საათი მოქმედებს, პაროლის აღდგენის ბმული კი 1 საათი. ვადაგასული ბმულის ჩანაწერი იშლება.
- დაუსრულებელი რეგისტრაცია მისი ბმულის ვადის გასვლის შემდეგ, დაწყებიდან დაახლოებით 24 საათში იშლება.
- რეგისტრაციისა და შესვლის დაცვის ჩანაწერები 30 დღე ინახება.
- წაკითხული შეტყობინება წაკითხვიდან 60 დღის შემდეგ იშლება.
- ატვირთული, მაგრამ არსად გამოყენებული ფაილი ერთი დღის შემდეგ იშლება.
- ანგარიშზე მიღებული ზომების ჩანაწერი ანგარიშის დახურვის შემდეგაც ინახება.
- შეჩერებული ანგარიშის ელფოსტის ანაბეჭდი ინახება შეჩერების ვადით, უვადო შეჩერებისას კი მის მოხსნამდე, რომ ამ ხნის განმავლობაში იმავე ელფოსტით ახალი ანგარიში ვერ შეიქმნას. თუ ანგარიში ბოლო 90 დღეში გაფრთხილებული ან შეჩერებული იყო და იხურება, ეს ანაბეჭდი დახურვიდან კიდევ 30 დღე ინახება. ანაბეჭდში მისამართი არ წერია: ის მხოლოდ იმის შემოწმების საშუალებას იძლევა, ემთხვევა თუ არა მას რეგისტრაციისას მითითებული მისამართი.
- ყველაფერი დანარჩენი ინახება მანამ, სანამ თავად არ წაშლი ან ანგარიშს არ დახურავ.
მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლებს ვიღებთ, რომ გაუმართაობისას არაფერი დაიკარგოს. რაც საიტიდან წაიშალა, ასეთ ასლში რჩება მანამ, სანამ თავად ასლი არ წაიშლება.
რისი გაკეთება შეგიძლია თავად
- პროფილი. აღწერას პარამეტრებში ცვლი ან შლი, ინტერესებსა და რეგიონს კი „კავშირის“ ბარათზე.
- პაროლი. პარამეტრებში ცვლი. ამ დროს ყველა სხვა მოწყობილობიდან გამოდიხარ და ელფოსტაზე წერილს იღებ.
- შენი მონაცემების ასლი. პარამეტრების განყოფილებიდან „მონაცემები“ („რა ინახება ჩემზე“) შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ასლი. მოთხოვნას ადმინისტრაცია ამტკიცებს. ბმული მოდის შენს დადასტურებულ ელფოსტაზე, მოქმედებს შეზღუდული ვადით და მხოლოდ ერთხელ, და პაროლით იხსნება. ასლი ჩამოტვირთვის მომენტში იქმნება და საიტზე არ ინახება.
- რაც გამოაქვეყნე. საკუთარ პოსტსა და პასუხს ნებისმიერ დროს წაშლი; პოსტთან ერთად იშლება მისი ფაილებიც. რედაქტირებისას წინა ვერსია ინახება და ისტორიაში ჩანს ყველასთვის, ვინც პოსტს ხედავს.
- ხილვადობა. „კავშირში“ გამოჩენას ნებისმიერ დროს თიშავ; „გაცვლის“ დირექტორიიდან ქრები, როცა ყველა უნარს წაშლი.
- დაბლოკვა. მომხმარებელს მისი პროფილიდან ბლოკავ და პარამეტრებიდან ხსნი ბლოკს.
მომხმარებლის სახელსა და ელფოსტას პარამეტრებიდან ვერ შეცვლი.
ანგარიშის დახურვა
ანგარიშს პარამეტრებში ხურავ; ამისთვის მომხმარებლის სახელსა და პაროლს წერ. დახურვა შეუქცევადია.
ყოველთვის იშლება: ელფოსტა, პაროლი, პროფილის აღწერა, ინტერესები და რეგიონი, სესიები, წევრობები, შეფასებები და ხმები, შენახული პოსტები, შეტყობინებები, ბლოკები, უნარები, „კავშირისა“ და „გაცვლის“ კავშირები მათი პირადი წერილებით. მომხმარებლის სახელის ადგილას რჩება წარწერა „წაშლილი ანგარიში“. გამონაკლისი ერთია: თუ ანგარიში დახურვისას შეჩერებულია, ან ბოლო 90 დღეში გაფრთხილებული ან შეჩერებული იყო, მისი ელფოსტის ანაბეჭდი ზემოთ აღწერილი ვადით რჩება, რომ იმავე მისამართით მაშინვე ახალი ანგარიში ვერ შეიქმნას.
თუ არაფერს მონიშნავ, ის, რაც დაწერე და ატვირთე, საიტზე რჩება წარწერით „წაშლილი ანგარიში“. გზაჯვარედინის შედეგი, რომელიც მხოლოდ შენთვის შეინახე, ამ შემთხვევაშიც იშლება: მას შენ გარდა ვერავინ ხედავდა.
თუ მონიშნავ „წაიშალოს ყველაფერი, რაც დავწერე და ავტვირთე“, იშლება შენი პოსტები (მათ ქვეშ სხვების პასუხებთან ერთად), შენი პასუხების ტექსტი, ამბის თავები, გზის ეტაპები, ლაბის ბარათები, მოზაიკის ფილები, ფესვების ჩანაწერები, ოთახებში დაწერილი შეტყობინებები და ყველა ატვირთული ფაილი. რაც სხვებთან ერთად შექმენი (მაგალითად, ამბავი, რომელსაც სხვებიც წერენ), რჩება, ოღონდ შენი ნაწილის გარეშე.
სივრცე, რომლის მფლობელიც ხარ, მის სხვა წევრს გადაეცემა, თუ ასეთი არის. საჩივრები, რომლებიც გაგზავნე, და ანგარიშზე მიღებული ზომების ჩანაწერი რჩება.
თუ გინდა იცოდე, რა მონაცემი გვაქვს შენ შესახებ, ან გინდა, რომ რამე გასწორდეს ან წაიშალოს და თავად ვერ ახერხებ, მოგვწერე: support@fusfusi.com.
როგორ ვიცავთ
- პაროლს ვინახავთ მხოლოდ ჰეშის სახით.
- სესიის ქუქი-ფაილს გვერდის სკრიპტები ვერ კითხულობენ, და ის მხოლოდ დაშიფრული კავშირით (HTTPS) იგზავნება.
- პაროლის გამოცნობის მცდელობები იზღუდება; ბრაუზერს, რომლითაც ანგარიშში უკვე შესულხარ, სხვისი მცდელობების გამო შესვლა არ ეკეტება.
- პაროლის შეცვლის ან აღდგენის შემდეგ ყველა ძველი სესია წყდება, შენ კი ელფოსტაზე წერილს იღებ.
თუ ფიქრობ, რომ შენს ანგარიშში სხვა შევიდა, მაშინვე შეცვალე პაროლი და მოგვწერე.
ამ გვერდის ცვლილება
ეს გვერდი აღწერს იმას, რასაც საიტი დღეს აკეთებს. როცა ეს იცვლება, ვცვლით ტექსტსაც და გვერდის თავში მითითებულ თარიღსაც.
როგორ დაგვიკავშირდე
ამ გვერდზე კითხვა თუ გაქვს, მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან ან ელფოსტით: support@fusfusi.com. წერილებს ფუსფუსის გუნდი კითხულობს.