წესები და პირობები
მომსახურების პირობები.
აქ წერია, რა პირობებით მუშაობს ფუსფუსი: რა გჭირდება ანგარიშისთვის, რისი გამოქვეყნება შეიძლება, ვისია გამოქვეყნებული და როგორ მუშაობს მოდერაცია.
ბოლო განახლება:
რა არის ფუსფუსი
ფუსფუსი ქართულენოვანი პლატფორმაა: ადამიანები ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან სივრცეებში, აქვეყნებენ პოსტებს, პასუხობენ ერთმანეთს და ერთად ქმნიან. საიტს ფუსფუსის გუნდი უძღვება. ანგარიში უფასოა.
ეს გვერდი აღწერს, რა პირობებით მუშაობს საიტი და რას ველით მათგან, ვინც მას იყენებს. რეგისტრაციისას ეთანხმები საუბრის წესებს; ეს პირობები და წესები ერთად მოქმედებს.
ანგარიში და მისი უსაფრთხოება
- ანგარიშის შესაქმნელად გჭირდება მომხმარებლის სახელი, მუდმივი ელფოსტა და მინიმუმ 10-სიმბოლოიანი პაროლი. ელფოსტაზე დადასტურების ბმულს გიგზავნით; ანგარიში იქმნება, როცა მას გახსნი და პაროლს ხელახლა შეიყვან.
- ანგარიშის შექმნიდან პირველი სამი დღე პოსტების, პასუხების, პირადი წერილებისა და მოწვევების რაოდენობა უფრო მკაცრად იზღუდება.
- საჯარო სივრცეების კითხვა ანგარიშის გარეშეც შეიძლება. გამოქვეყნებას, პასუხს, შეფასებას და წრეებში შესვლას ანგარიში სჭირდება.
- პაროლი მხოლოდ შენ უნდა იცოდე. რაც შენი ანგარიშიდან ქვეყნდება, შენი გამოქვეყნებულად ითვლება.
- პაროლის შეცვლისას ყველა სხვა მოწყობილობიდან გამოდიხარ და ელფოსტაზე წერილს იღებ. თუ პაროლი შენ არ შეგიცვლია, აღადგინე ის პაროლის აღდგენის გვერდიდან და მოგვწერე.
რისი გამოქვეყნება შეიძლება
სრული წესები წერია საუბრის წესებში. მოკლედ:
- კრიტიკა შეიძლება იყოს მკვეთრი, მაგრამ მუქარა, შევიწროება და სხვისი პერსონალური მონაცემების გავრცელება დაუშვებელია.
- როცა ფაქტს ამტკიცებ, მიუთითე წყარო. სათაური უნდა ასახავდეს იმას, რაც პოსტში წერია.
- გამოაქვეყნე ის, რაც შენია ან რისი გაზიარების უფლებაც გაქვს. სხვა ადამიანის ფოტოს ან ხმას მხოლოდ მისი თანხმობით აზიარებ.
სახელის გარეშე დაწერა წესებისგან არ ათავისუფლებს: ავტორი სისტემაში ინახება და საჩივრის განხილვისას ადმინისტრატორი მას ხედავს. ანონიმური პოსტების რაოდენობა დღეში შეზღუდულია.
ვისია, რასაც აქვეყნებ
რასაც აქვეყნებ, შენია: ტექსტზე, ფოტოზე, ვიდეოსა და ხმოვან ჩანაწერზე უფლებები შენ გრჩება.
გამოქვეყნებით ფუსფუსს აძლევ ნებართვას, რომ ეს შინაარსი საიტზე შეინახოს და აჩვენოს მათ, ვისაც მისი ნახვა შეუძლია: საჯარო სივრცეში ყველას, წრეში მხოლოდ მის წევრებს. ნებართვა მოიცავს იმ ტექნიკურ დამუშავებასაც, რაც ჩვენებისთვის საჭიროა: მაგალითად, სურათის დაპატარავებას და ფაილში ჩაწერილი მდებარეობის წაშლას.
ეს ნებართვა გრძელდება მანამ, სანამ შინაარსი საიტზეა: როცა მას წაშლი, საიტი მის ჩვენებას წყვეტს.
„ფესვებში“ ჩანაწერის გაზიარებისას თავად ირჩევ პირობას, რომელიც სხვებს ეუბნება, როგორ შეუძლიათ მისი გამოყენება: „ყველა უფლება დაცულია“, CC BY, CC BY-SA ან საზოგადოებრივი საკუთრება.
სხვების გამოქვეყნებული მათია: მის სხვაგან გამოსაყენებლად ავტორის ნებართვა გჭირდება, თუ თავად ავტორს სხვა პირობა არ აქვს მითითებული.
მოდერაცია და მოხსნა
- საჩივარი. თუ რამე წესებს არღვევს, გამოიყენე ღილაკი „საჩივარი“ თავად მასთან. საჩივარს ადმინისტრატორი განიხილავს და ან მოხსნის გასაჩივრებულს, ან დატოვებს. გადაწყვეტილებას შეტყობინებით გაიგებ.
- სივრცის მოდერაცია. სივრცის მფლობელსა და მოდერატორებს შეუძლიათ თავიანთ სივრცეში პოსტისა და პასუხის წაშლა. იგივე შეუძლია ადმინისტრატორს.
- ახალი სივრცე. საჯარო სივრცე მხოლოდ მას შემდეგ იხსნება, რაც ადმინისტრატორი განაცხადს შეამოწმებს და დაამტკიცებს. წრე მაშინვე იქმნება და მხოლოდ მოწვევით იხსნება.
- გაფრთხილება და შეჩერება. წესების დარღვევისას ადმინისტრატორს შეუძლია ანგარიშს გაფრთხილება მისცეს ან ის შეაჩეროს, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. მიზეზს ელფოსტით გაიგებ; გადაწყვეტილებას კონტაქტის ფორმით ასაჩივრებ. შეჩერებული ანგარიშის დაწერილი საიტზე რჩება.
მოხსნილ პოსტთან ერთად იშლება მისი ფაილები, წინა ვერსიები და მითითებული წყაროები.
ანგარიშის დახურვა
ანგარიშს ნებისმიერ დროს ხურავ პარამეტრებიდან. დახურვა შეუქცევადია. თავად ირჩევ, დარჩეს თუ არა ის, რაც დაწერე: თუ დარჩება, მასზე შენი სახელის ნაცვლად იქნება წარწერა „წაშლილი ანგარიში“.
ზუსტად რა იშლება და რა რჩება, წერია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
საიტისა და პირობების ცვლილება
ფუსფუსი იცვლება: შესაძლებლობა შეიძლება დაემატოს, შეიცვალოს ან მოიხსნას.
როცა ამ პირობებს ვცვლით, ვცვლით გვერდის თავში მითითებულ თარიღსაც. აქ ყოველთვის ის ვერსია წერია, რომელიც მოქმედებს.
მუშაობის გარანტია
ვცდილობთ, საიტი მუდმივად მუშაობდეს, მაგრამ შეუფერხებელ მუშაობას ვერ გპირდებით. განახლების ან გაუმართაობის დროს ის შეიძლება დროებით გაითიშოს, ცალკეული შესაძლებლობა კი დროებით მიუწვდომელი იყოს. მაგალითად, თუ ელფოსტის გაგზავნა არ მუშაობს, რეგისტრაციის, ელფოსტის დადასტურებისა და პაროლის აღდგენის გვერდები ამას პირდაპირ გეუბნება.
თუ რამე არ მუშაობს, შეგვატყობინე.
როგორ დაგვიკავშირდე
ამ გვერდზე კითხვა თუ გაქვს, მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან ან ელფოსტით: support@fusfusi.com. წერილებს ფუსფუსის გუნდი კითხულობს.